logo
ENG



ნიკა მელიას პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან, ის ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს

29 მაი 202522:20
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/29/07bk2065olc76th.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნიკა მელია ადმინიტრაციული სამართალდარღვევათა კოექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

შსს ნიკა მელიას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ედავება. 

"ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ადვოკატები ვარაუდობდნენ, რომ ნიკა მელიას "მოუგონებდნენ" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რათა ნიკა მელია არა ხმაურიანად, არამედ - ჩუმად დაეკავებინათ.

ნიკა მელია ლისის ტბასთან იმ დროს დააკავეს, როცა ერთ-ერთი გადაცემის ჩასაწერად მიდიოდა. პარტიის თანახმად, ადგილზე 100-მდე პოლიციელი იმყოფებოდა.

ნიკა მელიას ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის ვადა დღეს, 00:00-მდე ჰქონდა. 

დღეს იყო ჩანიშნული მისი სასამართლო პროცესი, თუმცა ის გადაიდო ხვალისთვის, 14:00 საათისთვის. ნიკა მელია სასამართლო პროცესზე დასწრებას არ აპირებდა. 

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა. ის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე 11 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა. 


close დახურვა
OSZAR »